საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის თამაშებისთვის მზადება დაიწყო. ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება „შტურმის“ ნახევარმცველი, ოთარ კიტეიშვილი, რომელიც ავსტრიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში დაშავდა. მის ნაცვლად მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნაკრებში დებიუტანტი, იტალიური „ფროზინონეს“ შემტევი, გიორგი კვერნაძე გამოიძახა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას საქართველო 4 სექტემბერს, თურქეთის წინააღმდეგ გამართავს. 7 სექტემბერს, ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარეთი იქნება. ორივე მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ გაიმართება და პირდაპირ ტელერეპორტაჟს ტრადიციულად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.