საქართველოს რადიო 100 წლისაა

საქართველოს რადიოს კიდევ ერთი აღიარება – დაარსებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად, ქართული რადიო მაუწყებლობის უწყვეტ ტრადიციას, რადიოარხ „საქართველოს რადიოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო რადიოს, როგორც განათლებისა და კულტურის გამავრცელებელი ინსტიტუტის როლზე, მიუთითებს. განცხადებაში ხაზგასმულია რადიოს მნიშვნელოვანი ფუნქციები ინფორმირებაის, განათლების და კულტურის პოპულარიზაციის მხრივ. საქართველოს რადიო 1925 წლის 23 მაისიდან მაუწყებლობს და ის ევროპაში ერთ-ერთი უძველესი რადიო სადგურია. რადიო არხი „საქართველოს რადიო“ ტრადიციების განუხრელი მცველია – ეს ერთადერთი რადიოა, სადაც კვლავ ისმის კლასიკური მუსიკა, ფოლკლორი, თეატრი, რადიოდადგმები, ქართული და მსოფლიო ლიტერატურული ნაწარმოებები. გრძელდება მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენების ჩაწერა, ოქროს ფონდი კი ახალი ექსპონატებით ივსება. კვლავ მზადდება სამეცნიერო და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებიც.