საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა - რა საკითხებზე იმსჯელეს ვიზიტის ფარგლებში 

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი დასრულებულია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, არჩილ ტატუნაშვილის საქმე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ვიზალიბერალიზაციის გამოწვევები და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა – ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რაზეც ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე გიორგი მარგველაშვილი მსჯელობდა.

პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან კლოდ იუნკერს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს უშიშროებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში ფედერიკა მოგერინისა დ ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ყველა შეხვედრაზე ევროპული ინსტიტუტების ხელმძღვანელებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

ვიზიტის ბოლო დღეს, პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებსაც შეხვდა. გიორგი მარგველაშვილი ბრიუსელიდან სწორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, სადაც ასევე რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრაა დანიშნული სენატსა და კონგრესში. პრეზიდენტი რეგიონის უსაფრთხოებაზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ამ პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების როლზე ისაუბრებს.