საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ახალციხეში

საქართველოს პრეზიდენტმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვიზიტი ახალციხეში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო. მხარის რწმუნებულმა საქართველოს პრეზიდენტს რეგიონში არსებული ვითარება, ეკონომიკური პროექტების მიმდინარეობა და რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები გააცნო.

მხარის რწმუნებულმა სალომე ზურაბიშვილს ნინოწმინდის მერი, ანი მოსოიანი წარუდგინა. შეხვედრაზე აბასთუმანში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები განიხილეს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რეგიონის პრობლემების გაცნობა მხოლოდ ახალციხესა და ახალქალაქში ვიზიტით არ შემოიფარგლება და მომავალში იგეგმება ბაკურიანში, აბასთუმანსა და ბორჯომში სტუმრობაც. პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთში მოქმედ კომპანიებს მოინახულებს და სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ჩართულ მეწარმეებს შეხვდება.