საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა იწყება

საქართველოს ხუთი პრეზიდენტიდან სალომე ზურაბიშვილი პირველია, რომლის წინააღმდეგაც იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. ინიციატორი „ქართული ოცნების“ გუნდია. მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს და მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის მთავარი კანონის დაცვით ხსნის. იმპიჩმენტის ბოლომდე მისაყვანად საჭირო 100 დეპუტატის ხმა მმართველ პარტიას საკანონმდებლო ორგანოში არ აქვს, თუმცა „ოცნებას“ ჰყავს 50 დეპუტატი იმისთვის, რომ წარდგინებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და პროცესი დაძრას. ამის შემდეგ, სწორედ სასამართლომ უნდა დაადგინოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის საკითხი. „ქართული ოცნებისგან„ განსხვავებით, ოპოზიცია ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მხარდაჭერას ჯერ-ჯერობით არ გეგმავს. ახლა აქცენტი კეთდება „ნაციონალურ მოძრაობაზე„. ოპოზიციის ნაწილი არ გამორიცხავს, ყოფილმა სახელისუფლებო პარტიამ არსებული დაპირისპირება პოლიტიკური ვაჭრობისთვის გამოიყენოს და საქართველოს პრეზიდენტს, იმპიჩმენტის მხარდაჭერაზე უარის სანაცვლოდ, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მოსთხოვოს – ნოდარ ჩაჩუა გვეტყვის, აქვს თუ არა პერსპექტივა იმპიჩმენტის პროცედურას.