პრეზიდენტის განცხადება - გამოხმაურებები

მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას შეფასებები მოყვა. პოლიტიკურ სპექტრში მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილის პასუხმა კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი არ შეცვლის იმ პოზიციას, რომელიც ადრე დააფიქსირა – რომ ის მიხეილ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს. სალომე ზურაბიშვილისგან უკვე გაცხადებული პოზიციის დაცვა მოითხოვეს სააკაშვილის მმართველობის დროს დაზარალებულებმა, რომლებიც პრეზიდენტის რეზიდენციასთან გუშინ შეიკრიბნენ.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტის შეკითხვაზე – აპირებს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, სალომე ზურაბიშვილმა საპასუხოდ აღნიშნა: „მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“.