საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში

საქართველოს და ჩინეთის პრემიერების შეხვედრა რამდენიმე მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდა.

სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ქართული სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მიზანი სტრატეგიული პარტნიორობის და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაა. ჩინეთი შუა დერეფნის წამყვანი მოთამაშეა, აქცენტი სწორედ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაზრდაზე კეთდება. ქართული მხარე მზად არის, რომ ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანსპორტო ნაკადების გასაზრდელად ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო პარტნიორთან თანამშრომლობა გააღრმაოს. ახალი პუნქტები დაემატა ორ ქვეყანას შორის არსებულ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, განახლდა ინვესტიციებთან დაკავშირებული პუნქტი, ჩინეთის ბაზარზე ქართული ქათმის ხორცის გატანაც გადაწყდა. ქართული დელეგაცია შან ხაიში იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიასაც დაესწრება – მასზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით პირველად არის წარმოდგენილი. საექსპორტო პოტენციალის გასაზრდელად და ჩინური ბაზრის ასათვისებლად გამოფენაში მონაწილეობას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.