საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება

9 წლის წინ საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა, –  ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრი ავრცელებს: „ამ თავისთავად ისტორიულმა მოვლენამ სათავე დაუდო სხვა მიღწევებს, თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში საქართველოს საბოლოო ინტეგრაციისკენ. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ შესაძლებლობა მისცა ჩვენს მეწარმეებს პროდუქცია ევროკავშირში ყოველგვარი ბარიერების გარეშე გაიტანონ. ჩვენი მოქალაქეებისთვის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული პასპორტით ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რაც უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებამ მოიტანა.

გასული წლის 3 მარტს ხელი მოვაწერე ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადს. ამ პროცესის გაგრძელება იყო ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება. პირველად ჩვენს ისტორიაში, ევროპამ საჯაროდ და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. მანამდე, ხანგრძლივი სტაგნაციის შემდეგ, 10 წელზე ნაკლებ დროში მიღწეული ეს მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლებისა და საზოგადოების უდიდესი ნაწილის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. მჯერა, რომ ეს პროცესი წლის ბოლოს ამ ძალისხმევის დამსახურებული აღიარებით, კანდიდატის სტატუსის მონიჭებით გაგრძელდება, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გადამწყვეტი ეტაპის დასაწყისად იქცევა.“ – წერს პრემიერი ღარიბაშვილი.