საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი: „ჩემთვის დიდი პატივია, დამოუკიდებლობის დღე მივულოცო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარს, ამერიკის შეერთებულ შტატებს; ეს დღე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, როგორც დღე, როდესაც შეიქმნა სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიის და თავისუფლების სიმბოლოა ყველასთვის, ვინც ამ ღირებულებებს იზიარებს. ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ მიზნების მისაღწევად, ჩვენ ერთად ვმუშაობთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს ამ პროცესში ურყევი მხარდაჭერისთვის. საქართველოში გვაქვს გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენი სახელმწიფოებრიობის დაცვასთან, ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციასთან, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვასა და ეკონომიკის აღორძინებასთან. ამიტომაც ვიცით, რომ არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, ჩვენ უნდა შევძლოთ ამ საფრთხეებთან გამკლავება“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვის წერილში.

დატოვე კომენტარი