საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას პოლონეთის საგარეო უწყება დადებითად აფასებს

საქართველოს მთავრობის ინიციატივას “ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ” პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დადებითად აფასებს. განცხადება “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე საქართველოში პოლონეთის საელჩომ გაავრცელა. „ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ვაჭრობის განვითარებას, გაზრდის განათლების მიღების ხელმისაწვდომობას და მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ისარგებლოს საქართველოს სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული სხვა შესაძლებლობებით. ეს ოფიციალური თბილისის მიერ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის, სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი რეინტეგრაციის პროცესში. პოლონეთი უპირობოდ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ფარგლებში.“ – ნათქვამია განცხადებაში.

მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა ასევე სლოვენიის მთავრობამ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინიციატივა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხთან ურთიერთობის განმტკიცების მიზანს ემსახურება. ეს არის დიალოგისკენ გადადგმული ნაბიჯი –  ნათქვამია განცხადებაში.