„საქართველოს მელიორაციის” გენდირექტორი კახეთში სარეაბილიტაციო პროექტებს გაეცნო

„საქართველოს მელიორაციის” გენერალური დირექტორი კახეთის რეგიონში სამელიორაციო სისტემებზე მიმდინარე და დასრულებულ სარეაბილიტაციო პროექტებს გაეცნო. არჩილ ბუკიამ და მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემა დაათვალიერეს, სადაც მაგისტრალური არხის მონაკვეთების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

აღდგენითი სამუშაოები უტარდება, ასევე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამთაწყარო-ფიროსმანის სარწყავ სისტემას.

პროექტის ფარგლებში, არხი იწმინდება ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან; კეთდება ხიდები, წყალაღების კვანძები და რემონტდება სარწყავ სისტემასთან არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობები. უკვე დასრულდა სამთაწყაროს სატუმბი სადგურის რეაბილიტაცია, აშენდა და მოეწყო ფიროსმანის ახალი სატუმბი სადგური.

„საქართველოს მელიორაცია“ კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 11 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.