საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იუბილარია

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეა – მას 92 წელი შეუსრულდა. ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში დაიბადა. 1957 წლის 16 აპრილს ის თბილისში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და სახელად ილია უწოდეს. 1963 წელს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წლიდან კი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მღვდელმთავარი გახდა, რომელსაც 1977 წლამდე იმდროინდელი პატრიარქის, დავით მეხუთის გარდაცვალებამდე წინამძღვრობდა.

წმინდა სინოდმა მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია ფარული კენჭისყრით კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩია. ინტრონიზაცია 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შედგა და მას საბჭოთა რეჟიმის აკრძალვების მიუხედავად, უამრავი ადამიანი დაესწრო.

ილია მეორის სახელს უკავშირდება არაერთი ეკლესია-მონასტრის აღდგენა და აშენება, სასულიერო პირების, ეპარქიებისა და მრევლის ზრდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, სასულიერო სასწავლებლების გახსნა. 2008 წლის 19 იანვრიდან მისი ინიციატივით საყოველთაო ნათლობის ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, რომლის მიზანიც ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებაა, მართლმადიდებლური ოჯახების ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვს კათოლიკოს-პატრიარქი ნათლავს.