საქართველოს ჰუმანიტარული და პოლიტიკური მხარდაჭერა უკრაინას

ქართული დელეგაცია უკრაინაში გასამგზავრებლად ემზადება.

ბოლო ინფორმაციით, საპარლამენტო ჯგუფს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს. დელეგაციაში როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იქნებიან. შემადგენლობა და ვიზიტის დეტალები ახლაც ზუსტდება. თუ თბილისი ბრალდებებზე კიევიდან განმარტებებს მიიღებს, არ არის გამორიცხული, რომ უკრაინაში საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეც გაემგზავროს, რომელმაც წინა კვირას უკრაინელი კოლეგისგან ბუჩაში ჩასვლის მიწვევა პირადად მიიღო, თუმცა ბოლო პერიოდში კიევიდან მოსმენილი მძიმე განცხადებების და ბრალდებების განმარტებების გარეშე ამ მიწვევას შალვა პაპუაშვილმა არასათანადო უწოდა. დღეს პარლამენტის სპიკერმა უკრაინის რადას თავმჯდომარის პასუხი მიიღო. წერილი კრიტიკულ გზავნილებს მოიცავს.