საქართველოს ევროპული პერსპექტივა

ხვალ ოფიციალურად გაიხსნება ევროკავშირის სამიტი, რომელზეც ცნობილი გახდება, გაითვალისწინებს თუ არა ევროკავშირის 27 ლიდერი იმ რეკომენდაციებს, რაც ევროკომისიამ სამ ასოცირებულ ქვეყანაზე გასცა. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ნაკლები შანსებია, საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, ამავე დროს ისინი მმართველ გუნდს ამ კუთხით არაეფექტიან მუშაობაში ადანაშაულებენ.

პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია როგორც ოპოზიციამ, ისე მმართველმა გუნდმა ერთობლივად იმუშაონ ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე. უმრავლესობის წევრები ოპოზიციის ბრალდებებს არ იზიარებენ და აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ყველა ქმედითი ნაბიჯი გადადგა.