საქართველოს ევროპული პერსპექტივა

ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა კანდიდატის სტატუსის გარეშე – ასეთია რეკომენდაცია, რომელსაც საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს.

პირობები, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს, ევროკომისიამ 12 პუნქტში გაწერა. ჩამონათვალი მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებით იწყება, მოთხოვნებს შორისაა მიშელის შეთანხმებაში გაწერილი რეფორმების გატარებაც. საქართველოსგან გასხვავებით, ევროკომისია ასოცირებული ტრიოს დანარჩენი ორი ქვეყნისთვის – უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მომხრეა. საბოლოო სიტყვა ერთ კვირაში ევროპულმა საბჭომ უნდა თქვას, რომელმაც სწორედ დღეს მიღებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. რაც შეეხება კანდიდატობის სანაცვლოდ მოთხოვნილ პირობებს, ევროკომისია მოთხოვნების შესრულების პროცესს დააკვირდება და ანგარიშს წლის ბოლოს წარმოადგენს.

„მოამბე“ ბრიუსელიდან, რომელიც დღეს ქართული მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო, – ანა ბროლაძე გვეტყვის, რატომ აღმოჩნდა ასოცირებულ ტრიოში საქართველო ცალკე.