საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება
საქართველოს ეროვნული ბანკი შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ, საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანიის დასანქცირებას ეხმაურება.
როგორც ქვეყნის მთავარ ბანკში აცხადებენ, სანქცირებულ სუბიექტს – შპს „შელბითს“ – ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ მიუმართავს და შესაბამისად ის არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტს. უფრო მეტიც, აღნიშნულ კომპანიას გაუქმებული აქვს რეგისტრაცია. „კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის“ – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ რომ, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია დაასანქცირა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია ჩართული იყო ფარულ ქსელში, რომლის მეშვეობითაც „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობდა. როგორც ირკვევა კომპანია Shelbit-ის მეშვეობით, ჯამში, სამ მილიონ დოლარზე მეტი ფინანსური ტრანზაქცია განხორციელდა.