საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება 

ევროპარლამენტის რეზოლუციაში არსებულ მოწოდებას საქართველოს საფინანსო სისტემის SWIFT-დან გათიშვის შესახებ, ეროვნული ბანკი ეხმაურება. ქვეყნის ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, რომ SWIFT-დან ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის საფუძველი არ არსებობს. „საქართველოს საბანკო-საფინანსო სექტორი განუხრელად იცავს, როგორც ქართულ კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო სანქციების რეჟიმებს. სებ-ის მიერ როგორც ადგილზე, ასევე დისტანციური ზედამხედველობის ფარგლებში, უწყვეტად ხორციელდება შესაბამისი ზედამხედველობის პროცესიც. საქართველოს საბანკო-საფინანსო სექტორის სანქციების რეჟიმებთან სრულ შესაბამისობას დადებითად აფასებენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები. სისტემა გამორჩეულად გამჭვირვალეა და შესაბამისად, მზარდია ინვესტორების ნდობა მის მიმართ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ არ არსებობს მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოებიდან ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის საფუძველი“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.