„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტის შესახებ კვლავ პოლიტიკური შეფასებების, ურთიერთბრალდებებისა და დაპირისპირების თემაა. ოპოზიციის განცხადებით, მმართველი გუნდის ეს ნაბიჯი ქვეყანას იზოლაციაში მოაქცევს. მათივე განმარტებით, მნიშვნელოვანი იყო საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქართულ დელეგაციას უფლებამოსილება აპრილამდე დათქმებით გაუგრძელდა და მოიცავდა ახალი არჩევნების საჭიროებას.
მმართველი გუნდის განცხადებით კი ამ პირობებით საბჭოში მუშაობის გაგრძელება შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა, ამ ვითარებაშიც კი, საქართველო-ევროსაბჭოს საქმიანი თანამშრომლობა შეუფერხებლად გაგრძელდება.