26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 108 წლის იუბილე, მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. 12 რეგიონში, ისტორიულ კულტურულ ძეგლებთან, წვევამდელებმა ფიცი დადეს. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი, წლევანდელი ღონისძიებები დაეფუძნა კონცეფციას – „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს – სიყვარული გვაერთიანებს”. მე შეგახსენებთ, რომ დღეს, ზუსტად 17 საათსა და 10 წუთზე, იმ დროს როცა 108 წლის წინ საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდება. დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიებები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გალა კონცერტებით დასრულდება. 1918 წლის 26 მაისს, 17 საათსა და 10 წუთზე, მაშინდელმა ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, რომელსაც 88 ადამიანი აწერდა ხელს. ეს იყო პირველი კონსტიტუციური ხასიათის დოკუმენტი, რომლის მომზადებასაც წინ საკმაოდ რთული გზა უძღოდა. საბჭოს სხდომას, რომელიც დღევანდელ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა, ნოე ჟორდანია ხელმძღვანელობდა. საბჭოს წევრების და სხდომის მონაწილეების შემდეგ დამოუკიდებლობის 7-პუნქტიანი აქტი მალევე სასახლის წინ შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს. ისტორიულ მოვლენას პირველი მთავრობის დაკომპლექტება, 15 პარტიის მონაწილეობით არჩევნები, პირველი კონსტიტუცია და სახელმწიფო ინსტიტუციების ფორმირება მოჰყვა. დამოუკიდებელი რესპუბლიკა არასრული სამი წელი გაგრძელდა – ორი წლისა და ცხრა თვის შემდეგ საბჭოთა რუსეთის არმიის შემოჭრით 70-წლიანი საბჭოთა რეჟიმი დამყარდა. 70 წლის შემდეგ. სწორედ 108 წლის წინანდელი დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე აღიდგინა ქვეყანამ 1991 წელს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.