საქართველოს და აშშ-ს ურთიერთობების პერსპექტივა
გაჩნდა თუ არა დონალდ ტრამპის გზავნილით საქართველო-ამერიკის ურთიერთობის გადატვირთვის პერსპექტივა – დამოუკიდებლობის დღის მილოცვის საპასუხო წერილს პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვნად კითხულობენ.
აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვები მმართველი გუნდის ლიდერებს ოპტიმისტურ მოლოდინს უძლიერებს. ის, რაც შაბლონური და პროტოკოლური ტექსტია ოპოზიციისთვის, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის დამატებითი საფუძველი ხდება ხელისუფლებისთვის. ტრამპის წერილში ნახსენებია სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ხაზგასმულია მზაობა თანამშრომლობის გაძლიერებისკენ, რაც „ქართულ ოცნებას“ წინა ადმინისტრაციის დროს შეჩერებული პარტნიორობის კონკრეტული გზამკვლევით განახლების იმედს აძლევს. ამ პროგნოზს მმართველ პარტიას გლობალურ საკითხებზე პოზიციების თანხვედრაც უმყარებს, რაც რამდენიმე დღის წინ ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა. პოლიტიკური ტერორიზმისადმი მიძღვნილი ფორუმის მონაწილე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც ეს პლატფორმა რადიკალური ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხეებზე და სუვერენიტეტის გამოწვევებზე საუბრისთვის გამოიყენა.
ოპტიმიზმს არ იზიარებს და ურთიერთობის გასაახლებლად ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ ოპონენტები.