„საია“ წინასაარჩევნო პროცესებზე დაკვირვებას განაგრძობს. ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, გაზრდილია ძალადობის, სიტყვიერი დაპირისპირებისა და კამპანიაში ხელის შეშლის ფაქტები.
მისივე თქმით, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ძალადობრივი ქმედებები საია-მ რამდენიმე რეგიონში გამოავლინა. ორგანიზაციის მიერ დამუშავებული ფაქტები მოიცავს როგორც ფიზიკური ძალადობის, ასევე სხვისი ნივთის დაზიანების, კამპანიისთვის ხელს შეშლისა და სხვა სავარაუდო დანაშაულის შემცველ ინციდენტებს. საია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევები და რეგულარულად მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. აღნიშნული მონიტორინგი 2024 წლის 1-ლი აგვისტოდან – 2024 წლის 25 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.