საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ჯგუფში მოხვდა

საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ჯგუფში მოხვდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოგზაურებისთვის რეკომენდაცია გამოაქვეყნა და მსოფლიოს ქვეყნები უსაფრთხოების მიხედვით ოთხ კატეგორიად დაყო. ჩვენი ქვეყანა კი პირველ, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ჯგუფში მოხვდა.

საქართველოსთან ერთად არის ის ქვეყნები, სადაც უსაფრთხოების სტანდარტული ზომების დაცვაა საკმარისი. მაგალითად, ავსტრია, კანადა, შვეიცარია, სკანდინავიის ქვეყნები, ევროკავშირის ყველა აღმოსავლეთევროპული ქვეყანა, თითქმის ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რუსეთის, უკრაინისა და აზერბაიჯანის გარდა.

მეორე კატეგორიის ქვეყნებს შორის, სადაც, ვაშინგტონის შეფასებით, მეტი სიფრთხილეა საჭირო, მოხვდა დასავლეთ ევროპის ქვეყნები, მათ შორის გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. „კრიმინალის დონისა და არეულობების“ გამო, ამ კატეგორიაშია უკრაინაც.