საქართველო-უკრაინის ურთიერთობები 

პირველი კომუნიკაცია უმაღლეს დონეზე ოთხწლიანი პაუზის შემდეგ. ჩნდება თუ არა საქართველო-უკრაინას შორის მკვეთრად გაუარესებული ურთიერთობების, ნორმალიზების პერსპექტივა – ეს კითხვა ერევანში, უკრაინული მხარის ინიციატივით ვოლოდიმირ ზელენსკისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრამ გააჩინა. საყურადღებო იყო კომუნიკაციის შემდგომ გაკეთებული განცხადებებიც, ორ ქვეყანას შორის პრობლემური საკითხების არსებობას არც ერთი მხარე უარყოფს, თუმცა როგორც საქართველოს პრემიერი, ისე უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დიალოგი და მეგობრული ურთიერთობები მნიშვნელოვანია. პირველი ნაბიჯი გადადგმულია, ახლა საინტერესოა, როგორ განვითარდება ორი ქვეყნის ურთიერთობა, რომელიც  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მნიშვნელოვნად დაზიანდა. ოფიციალური თბილისი არაერთ პრობლემურ საკითხს ასახელებს, რომელთა მოგვარებასაც კიევთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის აუცილებლად მიიჩნევს, თუმცა ასე არ ფიქრობს ოპოზიცია, სადაც პასუხიმგებლობას მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ.