საქართველო რუსეთის წინააღმდეგ – მოგებული დავები 

21:17, 08.08.2026

საერთაშორისო სასამართლოებში მრავალწლიანი დავებისას პირველი დიდი გამარჯვება საქართველომ ომიდან მეცამეტე წელს მოიპოვა, როცა სტრასბურგის დიდმა პალატამ დაადგინა, რომ რუსეთმა ომის დროსა და ოკუპაციისას დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი, მათ შორის სიცოცხლის, წამების აკრძალვისა და თავისუფლების უფლებები. ქართულ სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ეტაპობრივად მიჰქონდა მტკიცებულებები, რომელთა მოძიებაც იუსტიციის სამინისტროს წლების შემდეგ უწევდა.

დევნილების ისტორიები, დაზარალებულთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, ფოტო-ვიდეო მასალები და მრავალი სხვა. მტკიცებულება კი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ ოქროს სამხილს უწოდებდა, არათუ საქმეში, არამედ, საერთოდ საქართველოშიც არ აღმოჩნდა“, საუბარია 2008 წლის 12 აგვისტოს გორის ცენტრში ჩამოგდებულ რაკეტა ისკანდერზე, რომელსაც უნდა დაედასტურებინა, რომ საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ეს კასეტური იარაღი დამიზნებითა და წინასწარი განზრახვით გამოიყენეს.

ამ მნიშვნელოვანი მტკიცებულების მოძიება და დაბრუნება საქართველოში მხოლოდ 2018 წელს მოხერხდა. კიდევ ერთი სამართლებრივი წარმატება იყო, როცა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2022 წლის დეკემბერში აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება დაასრულა და ომის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის – ეთნიკური წმენდის, წამებისა და მძევლად აყვანისთვის ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების სამ მაღალჩინოსანზე დაკავების ორდერი გასცა.
ოკუპაციის მე-18 წლისთავზე, რუსეთი არც 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ასრულებს და არც ის ასეულობით მილიონი ევრო გადაუხდია, რომელიც საერთაშორისო სასამართლოებმა სხვადასხვა დანაშაულისთვის დააკისრეს.

მსგავსი