საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალისტია – ავჭალის სტადიონზე გამართულ მატჩში ქართველმა მორაგბეებმა რუმინეთის ნაკრები 31-7 დაამარცხეს. „ბორჯღალოსნებისა“ და რუმინეთის ეროვნული გუნდების შეხვედრაში რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური საგზურის გარდა, ანთიმოზ ივერიელის თასიც გათამაშდა – ჩვენი ნაკრები ამ საპატიო ჯილდოს მეთექვსმეტედ დაეუფლა. „ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის გათამაშების ფინალში პორტუგალიას შეხვდებიან, რომელმაც მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ესპანეთი 27:10 დაამარცხა.