საქართველო ევროპისკენ

„ევროპისკენ“ – ასეთია წლევანდელი 26 მაისის მთავარი ლოზუნგი და სადღესასწაულო კონცეფცია.

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 104 წლის შემდეგ ქვეყანა ევროკავშირიდან ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია. ერთ თვეში უნდა გაირკვეს, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. წევრობის განაცხადის წარდგენა უკრაინაში მიმდინარე ომმა დააჩქარა, რაც ევროინტეგრაციის გზაზე გაჩენილ ისტორიულ შესაძლებლობად ფასდება. სწორედ სტატუსთან დაკავშირებული მოლოდინები იყო აქცენტირებული ხელისუფლების პირველი პირების დღევანდელ გამოსვლებში. მთავრობის მოლოდინები ოპტიმისტურია, პროგნოზი კი გატარებულ რეფორმებს ეყრდნობა. საინტერესო და კრიტიკის შემცველი აქცენტები ჰქონდა პრეზიდენტს, როდესაც ის ტრიბუნიდან ევროპული მომავლის მთავარ ფასეულობებზე საუბრობდა. სამართლიანი სასამართლო, ძალაუფლების დაბალანსება ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად და პოლიტიკურ სპექტრში ეროვნული თანხმობის მიღწევა სალომე ზურაბიშვილის მთავარი გზავნილები იყო.