საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში

ევროპარლამენტის ანგარიშს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურებები მოჰყვა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ უპრეცედენტო რამ მოხდა და მას იმ ადამიანმაც კი არ დაუჭირა მხარი, ვინც შეიმუშავა ანგარიშის პროექტი. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ ევროპარლამენტის ეს ანგარიში „ქართული ოცნებისთვის“ მკაფიო გზავნილი უნდა იყოს. შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში დაამტკიცა. ანგარიშში წელს, ასოცირების შეთანხმების შესრულების საკითხების გარდა, მოხვდა ჩანაწერები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც. მათ შორის საუბარია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, არის მოწოდება საქართველოს პრეზიდენტის მისამართით, რომ შეიწყალოს ნიკა გვარამია. ასევე არის მოწოდება ევროპული სტრუქტურების მიმართ, შეისწავლონ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო კავშირები რუსეთის ფედერაციასთან და დამტკიცების შემთხვევაში, გატარდეს შესაბამისი ზომები, მათ შორის დაწესდეს პერსონალური სანქციები. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებული ანგარიში სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და მის აღსრულება ევროგაერთიანების ინსტიტუტებისთვის სავალდებულო არ არის.