ავღანეთიდან მოქალაქეთა ევაკუაციის პროცესში საქართველოც ერთვება – ამ წუთის მონაცემებით, ჩვენი ქვეყნის გავლით „თალიბანის“ კონტროლქვეშ მოქცეული ქაბული უკვე 2 000-მდე მოქალაქემ დატოვა. ტრანზიტული ფუნქციის შესრულების გარდა, ქართული მხარე თბილისში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლების განთავსებასაც უზრუნველყოფს. საუბარია სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ამერიკის დემოკრატიის განვითარების ფონდისა და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თანამშრომლებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ავღანეთში საქმიანობდნენ.
თბილისიდან ნატო-ს სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავებით რეისები ყოველდღე სრულდება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ავღანეთის დედაქალაქიდან საქართველოში სწორედ ამ სამხედრო თვითმფრინავებით ჩამოჰყავთ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი ევროპის მიმართულებით დღეში არაერთი ჩარტერული რეისი სრულდება.
ცხელ წერტილში მრავალწლიანი სამშვიდობო მისიისა და ნატოელ პარტნიორებთან ერთად, ავღანეთიდან სამხედროების ერთობლივი გამოყვანის შემდეგ, საქართველო მოქალაქეთა საევაკუაციო პროცესებშიც აქტიურად მონაწილეობს.
სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.