აშშ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით, მარკო რუბიოს განცხადება თბილისში ისევ შეფასებების თემაა. ოპოზიციის ნაწილს პესიმისტური მოლოდინი აქვს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ აღნიშნულმა ცხადყო ის, რომ შესაძლებელია პოზიტიურ, ორმხრივად სასარგებლო დღის წესრიგზე საუბარი. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რაც მიანიშნებს, რომ მათ სურთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება.
მარკო რუბიომ საქართველოზე წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლის დროს კონგრესმენის, ჯო უილსონის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას განუმარტეს, რისი გაკეთება იქნება საჭირო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღეს გარკვეული პოზიტიური პასუხები.