თბილისის საქალაქო სასამართლოში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევის საფუძველზე დაკავებული პირების ადმინისტრაციული საქმის განხილვები გრძელდება. საქმე ეხება გუშინ დაკავებულ 30-მდე პირს. სასამართლომ უკვე განიხილა ლია მუშკუდიანის და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საქმეები. ორივე მათგანი სამართალდამრღვევადაა ცნობილი და სხვადასხვა რაოდენობის დღით პატიმრობა შეუფარდეს. დღესვე გაიმართება, სხვა სასამართლო პროცესებიც. შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით რუსთაველის გამზირზე, სამართალდამცველებმა პარლამენტთან დემონსტრანტების ნაწილი მას შემდეგ დააკავეს, რაც ისინი საავტომობილო გზის გახსნასთან დაკავშირებით, პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. მანამდე აქციის რამდენიმე მონაწილეს და ავტომობილების მძღოლებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე – საპატრულო პოლიციის მანქანაზე ავიდა – ის პოლიციამ ხულიგნობის მუხლით დააკავა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა აქციის ერთი მონაწილე, რომელიც შეხლა-შემოხლის დროს შეუძლოდ გახდა. განვითარებული მოვლენებიდან მალევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებულების შესახებ განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, ადმინისტრაციული წესით აქციის 20-მდე მონაწილეა დაკავებული. მათ შორისაა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ლიკა ბასილაია-შავგულიძეც. დედაქალაქის მთავარი გამზირი აქციის დაწყებისას, ოცი წუთით გადაიკეტა, ამის შემდეგ კი – საავტომობილო გზა ჩვეულ რეჟიმში გაიხსნა.