საპროტესტო აქციები ლოს ანჯელესში
უკვე ექვსი დღეა გრძელდება საპროტესტო აქციები ლოს ანჯელესში. გასულ ღამეს სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. „სი-ენ-ენ-ი“ წერს, რომ ლოს-ანჯელესის ცენტრალურ ნაწილში კომენდანტის საათის დაწყებამდე ათობით პირი დააკავეს. კომენდანტის საათი ცენტრალურ ნაწილში უკვე მეორე ღამეა რაც ამოქმედდა და ადგილობრივი დროით საღამოს რვა საათიდან დილის ექვს საათამდეა ძალაში. აღნიშნულის თაობაზე ლოს ანჯელესის მერმა, კარენ ბასმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ვანდალიზმის და ძარცვის შესაჩერებლად. პროკურორი ბილ ესეილის ინფორმაციით კი, კალიფორნიაში არეულობის დროს სამართალდამცველებისთვის სავარაუდოდ, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების სროლისთვის ორი მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ორივე ინციდენტი 7 ივნისს, ლოს ანჯელესის ცენტრში და პარამაუნტში მოხდა. თეთრ სახლში კი განაცხადეს, რომ ერთ-ერთ პირს ბრალი მკვლელობის მცდელობაში წაუყენეს. ლოს ანჯელესის საოლქოს პროკურორი, ნათან ჰოჩმანი პირობას დებს, რომ უკანონო ქმედების ჩამდენი ყველა პირი დაისჯება. საპროტესტო აქციები გრძელდება სხვა შტატებშიც. ვაშინგტონის შტატის ქალაქ სპოკანში კი საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდა, მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეებმა გზები გადაკეტეს.