საპროტესტო აქციები და პოლიტიკური შეფასება

თბილისის შემდეგ საპროტესტო აქციები რეგიონებში ინაცვლებს.

მცხეთაში პოლიციის მობილიზება დღესაც გახდა საჭირო. ქალაქის მერიის მიმდებარე ტერიტორია კვლავ კონტრაქციებმა მოიცვა. ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები ადგილზე გუშინ განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად მივიდნენ. ვითარება კი მას შემდეგ გამწვავდა, რაც მერიასთან „ქართული ოცნების“ აქტივისტები გამოჩნდნენ. იყო სამართალდამცავთა კორდონის გარღვევის რამდენიმე მცდელობა. ხმაური იყო ქუთაისსა და ქობულეთშიც. დღის ბოლოს კი მოვლენების ეპიცენტრში ზუგდიდი აღმოჩნდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა კვერცხები, ცოცხები და ყავარჯნები ესროლეს.