საპროტესტო აქციები და აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება

აშშ-ის ქალაქი კენოშა, პოლიციის ძალადობისა და რასიზმის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების ეპიცენტრად რჩება. რამდენიმედღიანი არეულობის შემდეგ, დღეს ადგილზე შედარებით სიმშვიდეა. ხვალ უისკონსინის შტატის ქალაქ კენოშაში, პრეზიდენტი ტრამპი ჩავა გზავნილით  – კანონი და წესრიგი, თუმცა თეთრი სახლის ლიდერის ოპონენტები, „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის ვიზიტმა მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო დაამძიმოს. ადგილობრივები უკვე მეცხრე დღეა პოლიციის მიერ სამი შვილის თვალწინ შავკანიანი მამაკაცის ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრას აპროტესტებენ. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებისა და ახლა უკვე უისკონსინში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, აშშ-ში საპროტესტო მუხტის შენელება ვერ ხერხდება.