საპროტესტო აქცია თბილისში

გვიან ღამით დასრულდა საპროტესტო აქცია თბილისში. რუსთაველის გამზირზე მომიტინგეები უკვე ასმეერთედ შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ გააჟღერეს მთავარი მოთხოვნები – ხელახალი არჩევნები და დაკავებული პირების გათავისუფლება. პარლამენტის მიმდებარედ საავტომობილო გზა გადაკეტილი იყო. აქციას მსვლელობით შეუერთდნენ ქალთა მარშის მონაწილეები და საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი პირები. ქალთა მარშის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე მანიფესტი წაიკითხეს და პერფორმანსი მოაწყვეს.