პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ შექმნის ინიციატივაზე განცხადება სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე, გუშინდელი აქციის მიმდინარეობისას გააკეთა. ისაუბრა პლატფორმის სტრუქტურასა და მუშაობის სპეციფიკაზეც.
მეხუთე პრეზიდენტის გამოსვლა შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა. პერიოდულად აქციის მონაწილეების ნაწილი ყოფილ პრეზიდენტს უსვამდა კითხვას – „ვინ დაიწყო 2008 წლის ომი“. მათ სალომე ზურაბიშვილისგან პასუხი ვერ მიიღეს, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია. სალომე ზურაბიშვილის შემდეგ სცენა პაატა ბურჭულაძემ და ნადიმ ხმალაძემ დაიკავეს, რომლებმაც ზურაბიშვილის გამოსვლა გააკრიტიკეს. ხმალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილისგან ელოდა კითხვაზე პასუხს, თუ ვინ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი, თუმცა ეს ვერ მოისმინა. პაატა ბურჭულაძემ კი პროტესტის მონაწილეებს წინადადებით მიმართა, რომ 8 აპრილიდან რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი დაიწყოს.