საპროტესტო აქცია ბათუმში

ხმაურია ამ წუთებში ბათუმში, საიათნოვას #14 ნომერში. სამართალდამცველმა ყოფილი საცხოვრებლიდან 82 წლის ქალი გამოასახლეს, რომელმაც უკვე მეზობლის საკუთრებაში მყოფ, დაკეტილ ბინაში, აივნიდან შეაღწია. ორი დღის წინ, მან აივანზე ასასვლელად ამწეკრანი დაიქირავა.  მოხუცის მხარდასაჭერად სახლთან იპოთეკური სესხებით დაზარალებული პირები მივიდნენ და სააღმსრულებლო ბიუროს თანამშრომლებს ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ.
ალექსანდრა ტერუნიმ საცხოვრებელი გასული წლის 25 დეკემბერს დაკარგა. ბინა შვილიშვილმა დააგირავა, თანხა ვერ დააბრუნა და სახლი გაიყიდა. მეზობლების ნაწილი ამტკიცებს, რომ მოხუცს ბინა მოტყუებით წაართვეს, მეპატრონე მზად იყო 17 000 დოლარი იპოთეკარისთვის დაებრუნებინა, თუმცა ბინა მაინც გაიყიდა, გაცილებით ნაკლებ ფასად. საქმე სასამართლოშია.
მოხუცი ორი დღე დაკეტილ ბინაში შუქისა და წყლის გარეშე იმყოფებოდა.