ლიბერალური მთავრობა და კონსერვატორი პრეზიდენტი – ასეთია ახალი პოლიტიკური რეალობა პოლონეთში. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციონერმა კანდიდატმა, კაროლ ნავროცკიმ გაიმარჯვა. მემარჯვენე კონსერვატორული პარტიის მხარდაჭერილმა ნავროცკიმ მოწინააღმდეგე მმართველი პარტიის კანდიდატი და ვარშავის მერი, რაფალ ტშასკოვსკი მცირედი უპირატესობით დაამარცხა. პოლონეთის ახალი პრეზიდენტი ოფიციალური ბრიუსელის კრიტიკით გამოირჩევა და უკრანის ნატო-ში გაწევრიანების კატეგორიული წინააღმდეგია. რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ ვითარებას, ანალიტიკოსები სახელისუფლებო შტოებს შორის დაპირისპირებას პროგნოზირებენ, რადგან ნავროცკის, ტუსკისგან რადიკალურად განსხვავებული მიდგომები აქვს. ქვეყნის კონსტიტუციით პოლონეთის პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულია, თუმცა, ნავროცკის უფლება ექნება, კანონებს ვეტო დაადოს და ამ გზით ტუსკის მთავრობის მიერ სწორად მიჩნეული რეფორმები შეაფერხოს.