საპარტნიორო ფონდის ანგარიში

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდის რეფორმირების დაჩქარებას ითხოვს. ფონდის საქმიანობის შესახებ ანგარიშს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე ისმენენ. საგანელიძის თქმით, ცვლილება იმ სახელმწიფო საწარმოებს ეხება, რომლის მფლობელიც საპარტნიორო ფონდია, თუმცა მის მართვაში ფონდი ვერ ერევა და ბიუჯეტს მხოლოდ ამ საწარმოებიდან მიღებული დივიდენდებით ადგენს. ფონდის ხელმძღვანელის თქმით, მსგავსი სტრუქტურიდან გამომდინარე ფონდი ვერ გეგმავს მის ბიუჯეტს ეფექტურად. საგანელიძის თქმით, აღნიშნულ საწარმოებთან ერთად, 2017 წელი 481 მილიონიანი ზარალით დასრულდა, მაშინ, როცა ფონდის ცალკე აღებული ფინანსებით, წელი მომგებიანი იყო. სხდომის მიმდინარეობისას შელაპარაკება მოხდა დეპუტატ დავით ჭიჭინაძესა და დავით საგანელიძეს შორის. ჭიჭინაძის გაღიზიანება საგანელიძის რეპლიკამ გამოიწვია, რომელმაც დეპუტატების მიერ მისი სიტყვით გამოსვლის შეწყვეტა გააპროტესტა. აღნიშნულს მწვავე დაპირისპირება მოჰყვა და მხარეებმა ერთმანეთს წარსული გაახსენეს.