საპარლამენტო კომიტეტების გასვლითი სხდომა
საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, თავდაცვისა და უსაფრთხოების და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივი გასვლითი სხდომა გაიმართა. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, პარლამენტის წევრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლეს. სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, სამხედრო განათლების საფეხურებსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე ისაუბრა. კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა, ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და კვლევა-განვითარების მიმართულებით სამომავლო შესაძლებლობებზე. პარლამენტის წევრებმა, კომიტეტების ერთობლივი სხდომის დაწყებამდე, თავდაცვის ეროვნული აკადემია დაათვალიერეს. დეპუტატებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გაცნობოდნენ იუნკერების საცხოვრებელ და სასწავლო პირობებს.