ღაზაში უკიდურესად დაძაბული სიტუაციაა. ქალაქის მთავარ საავადმყოფოსთან, სასწრაფო დახმარების ავტომობილზე განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. პალესტინური მხარის ცნობით, ისრაელმა სასწრაფო დახმარების იმ ავტოკოლონაზე მიიტანა იერიში, რომლითაც ალ-შიფას საავადმყოფოდან დაშავებულები რაფას საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ უნდა გადაეყვანათ.
ისრაელის შეიარაღებულ ძალებში იერიშს ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებით, „ჰამასის“ მებრძოლები და შეიარაღება გადაჰქონდათ. როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განაცხადა, „ჰამასს“ საავადმყოფოს ქვეშ საკონტროლო და სამეთაურო ცენტრი აქვს მოწყობილი, რაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურას „ლეგიტიმურ სამიზნედ“ აქცევს. გაერო-ს წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ორგანიზაცია მათ თავშესაფრებში შეხიზნული 600 ათასამდე ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვეღარ ახერხებს.
ომის გამო, პირდაპირი თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა მათი ხუთი ობიექტი, რასაც საერთო ჯამში 38 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე ობიექტს კი მეტ-ნაკლებად შეეხო საბრძოლო მოქმედებები. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ცეცხლის დროებით შეწყვეტა, როგორც ამას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მოუწოდებს, იქამდე არ მოხდება, ვიდრე „ჰამასი“ მძევლებს არ გაათავისუფლებს.