ახლო აღმოსავლეთში საომარი ვითარება გრძელდება. ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირების 38-ე დღეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ მუდმივი სროლისა და დაბომბვის გამო, ღაზაში ალ-შიფას საავადმყოფო აღარ ფუნქციონირებს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ჰოსპიტალს 300 ლიტრი საწვავი მიაწოდეს „გადაუდებელი სამედიცინო მიზნებისთვის“, მაგრამ „ჰამასმა“ სამედიცინო ცენტრს მის მიღებაში ხელი შეუშალა.
ისრაელის პრეზიდენტი ამბობს, რომ „ჰამასს“ ბაზა აქვს შენობის ქვეშ, რასაც „ჰამასი“ უარყოფს. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში სიტუაცია ჰუმანიტარულ კატასტროფას უახლოვდება.
„ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, ღაზაში 11 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა – მათგან 4 500-ზე მეტი ბავშვი.