ღაზის სექტორში ისრაელის თავდაცვის ძალების რაოდენობა გაიზარდა – ამ ინფორმაციას დანიელ ჰაგარი ავრცელებს. მისივე თქმით, გასული ღამის განმავლობაში ისრაელმა „ჰამასის“ 600 ობიექტს დაარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის ცნობით, ისრაელი ეტაპობრივად აფართოებს სახმელეთო მოქმედებებს ღაზაში. ისრაელის თავდაცვის ძალები ჩრდილოეთ ღაზაში ჯავშანტექნიკითა და საარტილერიო ძალებით არიან შესული. სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს ასევე ქვეითი დანაყოფების მონაწილეობით.
რაც შეეხება „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილ ადამიანებს, ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ მძევლების რაოდენობა 239-მდე გაიზარდა. პარალელურად, პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელის სამხედროებმა არაერთხელ დაბომბეს ჩრდილოეთ ღაზაში საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია, რამაც ზიანი მიაყენა და საფრთხე შეუქმნა მშვიდობიან მოსახლეობას. „ჰამასის“ ინფორმაციით, ისრაელის საპასუხო დაბომბვის შემდეგ ღაზაში 8 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.
გაერო-ს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის სააგენტოს განცხადებით კი, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულმა 33-მა სატვირთო მანქანამ, რომელსაც წყალი, საკვები და სამედიცინო საშუალებები გადაჰქონდა, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტით გაიარა.