ომის 28-ე დღე – უკრაინაში კრემლის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა კიევის ორი რაიონი „გრადებით“ დაბომბეს. გავრცელებული ცნობით, ოკუპანტებმა დააზიანეს შენობები სვიატოშინსკისა და შევჩენკოს რაიონებში. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად არიან დაშავებულები. დეტალები ზუსტდება. ადგილზე ექიმები და მაშველები მუშაობენ.
დაიბომბა სავაჭრო ცენტრი, კერძო სექტორის სახლები და მაღალსართულიანი შენობები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩერნიგოვისა და კიევის დამაკავშირებელი ხიდი ააფეთქეს. უკრაინის მედია წერს, რომ ოდესის მიმართულებაზე ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა რუსეთის საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური მოკლეს.
პენტაგონის ცნობით, არის ნიშნები, რომ უკრაინა არამხოლოდ იცავს თავს, არამედ ზოგიერთ რაიონში შეტევაზეც გადადის. დასავლეთის სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, რუს სამხედროებს უკრაინაში საკვებისა და საწვავის მარაგთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათმა საჰაერო დანაყოფებმა გასული დღის განმავლობაში რუსეთის ექვსი თვითმფრინავი, ერთი ვერტმფრენი, ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი და ხუთი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს.