საომარი მოქმედებები უკრაინაში

ომის მეოთხე დღე და უმძიმესი სიტუაცია უკრაინაში. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვში გაზსადენი ააფეთქეს. ამის შესახებ უკრაინის სპეციალური კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დაცვის სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს. ამასთან, სახელმწიფო უწყება მოსახლეობას აფრთხილებს, მოერიდოს და არ მიუახლოვდეს იმ ქიმიურ ობიექტებს, სადაც აფეთქება მოხდა. ასევე ხარკოვში რუსი ოკუპანტების მიერ ნასროლი ჭურვი 9-სართულიან შენობას მოხვდა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა. მაშველებმა კორპუსიდან 20 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს  – ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

რთულია სიტუაცია დედაქალაქშიც. „სიენენის“ ინფორმაციით, კიევის ერთ-ერთ უბანში ორი დიდი აფეთქება მოხდა. მედიის ცნობით, აფეთქებები უკრაინის დედაქალაქის ცენტრიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარე უბანში, პატონის ხიდის სიახლოვეს განხორციელდა. აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია. ამასთან, კიევის ადმინისტრაცია დედაქალაქის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ქალაქ ვასილკოვში აფეთქებული ნავთობის საცავიდან კვამლი და ტოქსიკური ორთქლი ამოდის. ადმინისტრაცია მოქალაქეებს ფანჯრების მჭიდროდ დახურვისკენ მოუწოდებს. „დედაქალაქიდან სამხრეთით 40 კილომეტრში მდებარე ქალაქში ნავთობის საცავის დაბომბვისა და აფეთქების გამო, ქარმა, შესაძლოა, კვამლი და მავნე ნივთიერებები გაფანტოს,“- აცხადებენ დედაქალაქის ადმინისტრაციაში. ასევე „სიენენის“ ცნობით, კიევის დასავლეთ რაიონში ინტენსიური სროლების შედეგად 6 წლის ბიჭი დაიღუპა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათგან ორი მოზარდია. უკრაინის ქალაქებში მიმდინარე ინტენსიური ბრძოლების შედეგად დაღუპული და დაშავებულია 240 მშვიდობიანი მოქალაქე, – ინფორმაციას გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა მინიმუმ 64-ია. გაერო-მ ასევე განაცხადა, რომ 160 000-ზე მეტი უკრაინელი ახლა იძულებით გადაადგილებულია და ცდილობს ქვეყნის საზღვრები დატოვოს. უკრაინის მთავრობის შეფასებით, რუსეთის შეჭრამ, შესაძლოა, ხუთი მილიონი ადამიანი ლტოლვილად აქციოს.