საომარი მოქმედებები ისრაელსა და ირანს შორის 

მსოფლიო ყურადღების ცენტრში ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული ვითარებაა. ისრაელი ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას განაგრძობს.

ცოტა ხნის წინ დაიბომბა ირანის სახელმწიფო ტელევიზია. არიან დაღუპულები. არ წყდება საპასუხო საჰაერო დარტყმები ირანიდან. ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით მიტანილი იერიშების შედეგად მსხვერპლია ისრაელში. დაღუპულთა რაოდენობა 230-მდე გაიზარდა ირანში. განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ რჩება ნათანზის ბირთვული ობიექტი, რომელიც 13 ივნისს ისრაელის მთავარ სამიზნედ იქცა. ავიაიერიშის შემდეგ საერთაშორისო ატომური სააგენტო მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს – ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ობიექტის გარშემო რადიაციის დონე ამ ეტაპზე ნორმის ფარგლებშია. თავის მხრივ თეირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურას იწყებს. მასშტაბური სამხედრო დაპირისპირების ფონზე ირანსა და აშშ-ს შორის ბირთვული მოლაპარაკებების გაგრძელების პერსპექტივა ბუნდოვანია – თეირანი ვაშინგტონს ისრაელის მოკავშირედ მიიჩნევს და მოლაპარაკების გასაგრძელებლად პირობებს უყენებს. ავიაიერიშების შესაჩერებლად საერთაშორისო დიპლომატია აქტიურდება – თურქეთი მხარეებს მედიატორობას სთავაზობს.