საომარი მოქმედებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის

სამხრეთ კავკასიის ცხელი წერტილი მსოფლიო ლიდერების დღის წესრიგის მთავარი თემაა.

მთიან ყარაბაღში ვითარება სულ უფრო საფრთხის შემცველი ხდება. მასშტაბურ საომარ მოქმედებებში ჩართულია მძიმე ტექნიკა და არტილერია, იბომბება დასახლებული პუნქტებიც. ევროკავშირი მოსალოდნელ ჰუმანიტარულ კრიზისზე იწყებს საუბარს. ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტას და უკიდურესად დაძაბული პროცესის მოლაპარაკებათა მაგიდასთან გადატანას ეუთო-ს მინსკის ჯგუფი ცდილობს. მცდელობა ჯერ უშედეგოა. ამერიკის, საფრანგეთის და რუსეთის დღევანდელი მოწოდებების შემდეგ შეტაკებები მაინც გრძელდება. ოფიციალური ერევნის მხრიდან კიდევ უფრო მძაფრდება რიტორიკა ანკარის მისამართით. თუმცა სომხეთის პრეზიდენტმა დღეს თქვა ისიც, რომ საჭიროა მოლაპარაკებები.

მწვავე განცხადებას აკეთებს თურქეთის პრეზიდენტიც. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მოლაპარაკებებში ამერიკის, საფრანგეთისა და რუსეთის ჩართვას დაუშვებლად მიიჩნევს და კონფლიქტის მოგვარების მთავარ პირობად  სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის დატოვებას ასახელებს. იდენტურია კონფლიქტის მონაწილე აზერბაიჯანის პოზიციაც. საერთაშორისო მოწოდებების უგულებელყოფის და ურთიერთბრალდებების ფონზე, შეტაკებების შედეგად დაშავებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი  ყოველდღიურად იზრდება.