საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში

ისრაელის ავიაციის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად, დღეს ღაზაში 26 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა.  ეს გასული კვირის განმავლობაში გამწვავებული კონფლიქტის ფონზე  ყველაზე მასშტაბური მსხვერპლია. საბრძოლო მოქმედებები უკვე მეშვიდე დღეა მიმდინარეობს. საერთო ჯამში ღაზის სექტორში გარდაცვლილთა რიცხვმა 170-ს გადააჭარბა. მათ შორის 41 ბავშვია.  გამთენიისას ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ ლიდერის და მისი ძმის სახლებიც დაბომბა. ისრაელის მხარეს დანაკარგი ათს შეადგენს, მათ შორის ორი მცირეწლოვანია. ღაზადან თელ -ავივისა და სამხრეთით მდებარე ქალაქ ბეერშევას მიმართულებით ღამით ათეულობით რაკეტები გაუშვეს. ათი ადამიანი თავშესაფარში გაქცევის დროს დაშავდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ისრაელი განაგრძობს სრული ძალით მოქმედებას და გამანადგურებელი დარტყმების მიყენებას. რეგიონში იმყოფებიან აშშ-ის, გაერო-სა და ეგვიპტის წარმომადგენლები, რომლებიც მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას ცდილობენ. დღეს გამწვავებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, ასევე დაგეგმილია გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა.

მოამბე

დატოვე კომენტარი