ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავის მეხუთე დღეს ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან მძევლების კიდევ ერთი ჯგუფი დაბრუნდა. მათ შორის ისრაელის ათი და უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეა, აქედან ცხრა ქალი და ერთი ბავშვია. სანაცვლოდ, „ჰამასთან“ შეთანხმების ფარგლებში, ისრაელმა კიდევ 30 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. ჯამში გათავისუფლებულ პატიმართა რიცხვი 180-მდე გაიზარდა. მედიის ცნობით, კატარში გამართული დისკუსიების დროს ისრაელის, აშშ-ის, კატარისა და ეგვიპტის ოფიციალური პირები შეთანხმდნენ, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არსებული პაუზის გახანგრძლივებაზე მუშაობა გაგრძელდება.
„სიენენი“ წერს, რომ წყაროს ცნობით, მხარეებს სურთ, მეტი მძევალი გამოიყვანონ ღაზის სექტორიდან. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შესაძლოა, პაუზა კიდევ 24 საათით გახანგრძლივდეს.