საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული

მეხუთე დღე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში და სრული ინფორმაციული ვაკუუმი.

ოჯახს და ხელისუფლებას ამ დრომდე არ აქვს ინფორმაცია, რა მდგომარეობაშია სამი შვილის დედა, რომელიც 29 სექტემბერს რუსმა სამხედროებმა საკუთარი მიწის ნაკვეთიდან გაიტაცეს.

ოჯახზე დაყრდნობით სახალხო დამცველი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მაია ოთინაშვილზე, სავარაუდოდ, ძალადობა მოხდა. პრემიერის დავალებით საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დიპლომატიურ კორპუსს ხვდება. პარალელურად მოქმედებს ცხელი ხაზი, თუმცა უკანონოდ დაკავებული 37 წლის მოქალაქის გათავისუფლება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

არაღიარებული რეჟიმი ოთინაშვილს ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთას და თანხის სანაცვლოდ ამ პროცესში სხვების დახმარებასაც ედავება.