საოკუპაციო ძალებმა დილიდან იერიში მიიტანეს ხარკოვზე

დილიდან საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს ხარკოვის ცენტრზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაშავებულია ოთხი მოქალაქე, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლი, ასევე უნივერსიტეტის ხუთსართულიანი შენობა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, არსებული მდგომარეობა შეაფასა და განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში, რუსეთმა მთელი ძალები უკრაინის თავდაცვის ხაზის გასარღვევად და ბახმუტის ალყაში მოსაქცევად გადაისროლა. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება რთულდება, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ბახმუტში, უგლედარში და ლიმანში. ბახმუტთან გართულებულ მდგომარეობას ადასტურებს ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვაც, რომლის ცნობითაც, რუსეთის არმის გარკვეული წინსვლის შედეგად, ბახმუტი უკრაინული არმიის მომარაგების მარშრუტებისგან სულ უფრო მეტად იზოლირებული ხდება. რაც შეეხება უკრაინული მხარის მოქმედებებს, გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის ძალებმა ოკუპანტების ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის რვა ადგილზე მიიტანეს იერიში. გასული დღე-ღამის განმავლობაში კი ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში მტრის თავდასხმა ცხრა დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს.